ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც მოსამართლემ მიუთითა, რომ განჩინება ცალკე არ შეიძლება გასაჩივრდეს.
"ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური", - ამბობს საძაგლიშვილი, - "ამიტომ გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში".
საძაგლიშვილი განმარტავს, რომ ჩახნაშვილის გადაწყვეტილება ორი ინსტანციურობის პრინციპს არღვევს, რაც საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ორმა ინსტანციამ განიხილოს.
"ეს პრინციპი კიდევ უფრო მკაფიოა ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას", - ამბობს საძაგლიშვილი, - "ეს არის პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება".
მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას საქართველოს კონსტიტუციიით უნდა იხელმძღვანელოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ხელმძღვანელობის შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსის გადასამოწმებლად.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ან სააპელაციო სასამართლოში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნება განხილული ჩვენი საჩივარი", - ამბობს საძაგლიშვილი, - "დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმართულებით წავა სასამართლო".
ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს შეუფარდა. მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწვყეტილებას არ დაემორჩილებოდა და მის აღსრულებას სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ენმ-ის ოფისში ელოდა.
18 თებერვლის დილას ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულებასთან დაკავშირებული განსხვავებების და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების გამო პრემიერმინისტრი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
მას შემდეგ, პოლიტიკური ვითარების გამწვავების პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, წარმოამდგენელთა პალატის დეპუტატებმა, ამერიკის საელჩომ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა და საერთაშორისო აქტორებმა მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ, ხელისუფლებას კი მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებისკენ და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.