ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დასაფასებელია პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმა, მათ შორის შიმშილობა, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის მოშიმშილეების შემთხვევა მაქვს მხედველობაში, თუმცა ფიზიკურად ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა არის გამორიცხული ბევრი მიზეზის გამო. იცით ჩემი დამოკიდებულება პარლამენტთან მიმართებაში. სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს მათთან ყოფნის ყოველდღე, კომუნიკაციის. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად ბევრი მიზეზის გამო არ იქნება", - განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება, მანდატების დატოვებას, მელია ამბობს, რომ ამას პროცესი აჩვენებს და დეპუტატები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ მე
"დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისა, პარლამენტში ყოფნა არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მან.
15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე ენმ-ის რამდენიმე დეპუტატი შიმშილობას აცხადებს.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.