ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, თავდასხმა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიერ იყო ორგანიზებული.
"დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქვეყანაში - არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ, ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს.
ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია. ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება. პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან.
უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასსავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას", - წერს მელია Facebook-ზე.
დღეს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.