logo
ENG



მელიას ადვოკატი: ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა, გირაო გადაიხადოს, ეს მიუღებელია

29 მარ 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock 1240
მელიას ადვოკატი: ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა, გირაო გადაიხადოს, ეს მიუღებელია
ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პარტიას ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა, წერილი გაუგზავნა, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს, მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა - 40 ათასი ლარი გადაიხადოს.

კონდახაშვილი ამბობს, რომ გირაოს გადახდა მელიასთვის მიუღებელია და არ გამორიცხავს, ეს "ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი" იყოს.

"დღეს, 29 მარტს, პარტია ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულ იქნა წერილი ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან", - განაცხადა კონდახაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში მელიას საპატიმროს დატოვება შეეძლება, ადვოკატი ამბობს, რომ ეს ტყუილია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო ჰქონდა შეფარდებული, ანულირებულია. 

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე ქართული ოცნების ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორების გასაგონად.

მინდა განვმარტო, რომ დღეის მდგომარეობით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც, 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება - გირაო არის ანულირებელი და შეუძლებელია ნებისმიერი პირის, ისევე როგორც დიდი სურვილის შემთხვევაში ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა