ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას და წერს, რომ "შეძრწუნებულია" მომხდარის გამო. იგი, ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების დაგმობა აუცილებელია.
"შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო. ღამით, მოყინულ გზაზე, ოჯახთან ერთად გაჭირვებაში მყოფ კაცზე ჯგუფური თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმე დანაშაულია.
საჭიროა ასეთი შემთხვევების უმკაცრესი დაგმობა, რათა არცერთ შემთხვევაში არ იყოს ძალადობა მხარდაჭერილი და წახალისებული. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას, ვუსურვებ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა მიმადლოს", - წერს მელქისედეკ ხაჩიძე.
დღეს, 25 თებერვალს, ვაჟა გიგაურთან ერთად, ვახო სანაიას თავს დაესხნენ გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი.
ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.