logo
ENG



მენსონის ყოფილი მიმდევარი ლესლი ვან ჰაუტენი 53 წლის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს

12 ივლ 202310:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/9p63jqgz9fjrv2f.jpg

ჩარლი მენსონის ყოფილი მიმდევარი, ლესლი ვან ჰაუტენი, რომელსაც ორი მკვლელობის გამო უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, 53 წლის შემდეგ ციხიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

73 წლის ვან ჰაუტენი 19 წლის იყო, როდესაც 1969 წელს "მენსონის ოჯახის" მიმდევრებთან ერთად ლოს-ანჯელესში სურსათის გამყიდველისა და მისი ცოლის მკვლელობაში მონაწილეობდა. ვან ჰაუტენი მენსონის ყველაზე ახალგაზრდა მიმდევარი იყო, რომელიც ლენო და როზმარის ლაბიანკების მკვლელობისთვის გაასამართლეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ვან ჰაუტენი უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში და მსხვერპლის, როზმარი ლაბიანკას გაკავებას ცდილობდა, სანამ სხვები მას დანით ჭრილობებს აყენებდნენ. ასევე ვან ჰაუტენმა მოგვიანებით აღიარა, რომ ქალს დანით ჭრილობა მიაყენა მას შემდეგ, რაც ის უკვე მკვდარი იყო.

კალიფორნიის სასჯელაღსრულების და რეაბილიტაციის დეპარტამენტის სპიკერმა მერი ხიმენესმა განმარტა, რომ ვან ჰაუტენს პირობით ვადამდე გათავისუფლების სამწლიანი, მაქსიმალური ვადა ექნება, ვადაზე ადრე გათავისუფლების გადახედვა კი ერთ წელში მოხდება.

ჩარლი მენსონი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტის ლიდერი იყო. თავის მიმდევრებს ის მკვლელობის ჩადენას ავალებდა და იმედოვნებდა, რომ ეს რასობრივ ომს გამოიწვევდა. მენსონს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ის 2017 წელს ციხეში მოკვდა.

როგორც BBC წერს, პატიმრობის პერიოდში ვან ჰაუტენმა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიიღო და სხვა პატიმრებთან რეპეტიტორად მუშაობდა.

ვან ჰაუტენს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ბევრჯერ უთხრეს უარი, თუმცა 2016 წელს მან საბოლოოდ რეკომენდაცია მიიღო. ამის მიუხედავად, კალიფორნიის გუბერნატორებმა, გავინ ნიუსომმა და მისმა წინამორბედმა - ჯერი ბრაონმა, ვან ჰაუტენის გათავისუფლებაზე უარი თქვეს.

ბოლოს, როდესაც მას გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, 2020 წელს კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა. მიმდინარე წლის 8 ივლისს გუბერნატორმა ნიუმმა განაცხადა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას აღარ დაბლოკავდა. გუბერნატორმა თქვა, რომ კვლავ იმედგაცრუებულია ვან ჰაუტენის გათავისუფლებით, თუმცა მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ საკითხი განიხილოს, თუ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.

პირობით ვადამდე გათავისუფლების განმეორებით მოსმენებზე, ვან ჰაუტენმა სინანული გამოხატა მკვლელობებში მისი როლისა და მენსონთან კავშირის გამო.


close დახურვა