თბილისის მერია17 მაისს თბილისის ანძას თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათებს. როგორც უწყება განმარტავს, სხვადასხვა ორგანიზაცია, უწყება, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც ანძა ნათდება.
"კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება", - აღნიშნავენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ დედაქალაქის მთავრობას სოლიდარობის ნიშნად ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მერიას ანძის საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათების მოთხოვნით მიმართა.