თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, არასწორია.
როგორც ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.
დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - თქვა თბილისის მერის მოადგილემ.
რაც შეეხება გარე პირებს, ბენდელიანი ამბობს, რომ მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, მომავალი კვირიდან "შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები".
ცნობისთვის, გეოლოგმა თეა გოდელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე ახალი მეწყრული ბზარები გაჩნდა.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.
ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.
- რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.