logo
ENG



მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი - სამშვიდობო მანიფესტი ყარაბაღის მოვლენებზე

01 ოქტ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
s58zy8c1pnpbj34.jpg

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამშვიდობო მანიფესტს ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შექმნილ დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტი დაიცვას.

მანიფესტის ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით. 

"ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, რომ ომი ადამიანებს აწვებათ ზურგზე, მათი განადგურებისა და გაღარიბების ძალა შესწევს და მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. ჩვენს რეგიონში არც ერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია.

სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას. რეგიონის თანმდევი მახასიათებელი მუდმივად იყო მისი მრავალფეროვნება. ულტრა-ნაციონალიზმის, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმის პირობებში ეთნოსებსა და ქვეყნებს შორის განსხვავებები ჩვენი განცალკევებისთვის და გათიშულობისთვის არის გამოყენებული, თითქოს ეს განსხვავებები ჩვენს შორის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია, მრავალფეროვნების ღირებულება გავაცნობიეროთ და გაერთიანებისთვის გამოვიყენოთ. ამასთან, შოვინისტურ რიტორიკაში ხშირად სრულიად გამოტოვებულია ის მახასიათებლები, რაც ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს გვაერთიანებს - ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი", - წერია მანიფესტში. 

გარდა ამისა, ორგანიზაციები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს მოუწოდებენ "შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და  გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში". 

ასევე, შეიქმნა პეტიცია, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. მედიებში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. 


close დახურვა