logo
ENG



მეუფე ანდრია: ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს

22 ივნ 202121:57
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე ანდრია: ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ განაცხადა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი რუსეთის პატრიარქთან, წერილით კი ილია მეორე მას ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. ამაზე მან ზაზა გახელაძის ოჯახიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. 

"პატრიარქის სახელით, გაიგზავნება წერილი რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რომ უკვე მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა არის დაკავებული რუსეთის სასაზღვრო მოსასმახურეების მიერ", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ილია მეორეს ამ თხოვნით გახელაძის ოჯახმა მიმართა.

ამის მიუხედავად, ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელი აქციის გეგმა არ შეიცვლება და მაინც გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ხვალ, 23 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

მისმა ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. მიიღეს დაპირებებიც, რომლიც ამ დრომდე არ შესრულდა. 

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, ის ხვალ გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. 

პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".

კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

 


close დახურვა