ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, პრაიდის კვირეულის ჩატარება-არ ჩატარების საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
როგორც მეუფე აღნიშნა, პირადად მას კვირეული არ მოსწონს, თუმცა "ეს არაფერს ნიშნავს".
"ჩვენი დღევანდელი პრობლემა სწორედ ეს არის - თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით უნდა მიეცეთ თუ არა უფლება. ეგ სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არ მოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ეხლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არის რაღაც მეტად მიუღებელი და ნაკლებად მიუღებელი. ის რაც კანონის ფარგლებში ექცევა, რა თქმა უნდა, სახელმწიომ უნდა აკონტროლოს", - თქვა მეუფე გრიგოლმა.
რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ ღირსების მარში პარალელურად აქციის დაანონსებას, მიტროპოლიტს ჰკითხეს, ვის დაეკისრება პასუხისმგებლბა, თუ აქციაზე ვითარება გართულდება, რაზეც მან ასე უპასუხა:
"საერთოდ ადამიანები პასუხისმგებლები არიან ყველაფერზე, რასაც ისინი სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
საპატრიარქომ გუშინ, 3 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლითაც ღიად დაესხა თავს დასავლელ ელჩებს და 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქცია დააანონსა. ეკლესიის მორიგ ჰომოფობიურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ე.წ. "პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს".
1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან.
საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება.
თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა.
1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.