logo
ENG



მეუფე იაკობი: პანსიონში დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა

14 ივნ 202118:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/14/3bv3ovzoe9kov7c.jpg

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომელიც ნინოწმმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა, ამბობს, რომ პანსიონში მხოლოდ ის ბენეფიციარები დარჩებიან ვისაც ამის სურვილი ექნება. 

"დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდათ. აქ ძალადობით არც არავის ტოვებენ. მაგრამ ერთი რამეა, როდესაც აქედან მოხდა ბავშვების გაყვანა რამდენად გაითვალისწინეს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, თუ აქვთ წაკითხული რას ნიშნავს ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი? კოდექსიდან არის ის...

ძალით არავინ არ დარჩება. ეს დაწესებულება რისთვისაც შეიქმნა, არის რომ სოციალური ცხოვრება ჰქონოდათ და არ გასჭირვებოდათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა