ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან "გულღია და გულითადი საუბარი ჰქონდა".
შეხვედრის დასრულების შემდეგ მანაც დაადასტურა, რომ ის და ლომჯარია შემდეგი კვირის ბოლოს პანსიონში ერთად ჩავლენ.
"ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი, მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და შევთანხმდით იმაზე, როგორც ქალბატონმა ნინომ ბრძანა, სახალხო დამცველი და მე, ალბათ, შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და იქ ვნახავთ სიტუაციას.
ჩვენ მართლაც გულითადი საუბარი გვქონდა და პრეტენზიები და რამე არ ყოფილა. სიტუაცია უცებ შეიქმნა, აგორდა და აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასე დაძაბული სიტუაცია, უკვე აღარც არის დაძაბული", - თქვა მეუფე იაკობმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ ნინოწმინდის პანსიონის შენობა დღის ცენტრად გადაკეთდება.
ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა. მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში ომბუდსმენს პანსიოში არ უშვებდნენ.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.
ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).