logo
ENG



მეუფე მელქისედეკი მელაშვილი-ილიჩოვაზე: ვერ გავიგე რაში ადანაშულებენ, ბოდიშს ვუხდი მათ

14 ოქტ 202013:29
3 წუთის საკითხავი
clock 3633

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ბოდიშს უხდის.

მელქისედეკის განცხადებით, ვერ გაიგო თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.

"სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, რომ - ველოდებით გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება", - განაცხადა მელქისედეკმა.

მეუფეს თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ იცის, რა ხდება გარეჯასთან დაკავშირებით და ამავდროულად, ამ თემაზე საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს ავრცელებს: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო".

 


close დახურვა