ეპიდემიური რისკების მიუხედავად, საკვირაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, საეკლესიო წესებით სრული დაცვით ჩატარდა, თუმცა საერო რეკომენდაციებისა და წესების დაცვა ვერ მოხერხდა.
წირვის შემდეგ სამღვდელოების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. ისინი აცხადებენ, რომ მცირე დარღვევები შეიძლება იყო, მაგრამ ხალხი უსაფრთხოების ნორმების დაცვას თავად შეძლებს.
„ხალხი თვითონ დაიცავს დისტანციას. ჩვენი ხალხი ბრძენია, არაფერი ეშლებათ. შეიძლება მცირე დარღვევა მოხდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხი ღმერთთან იყო მოსული ეკლესიაში და ღვთის მადლი, ეკლესიის მადლი იცავს. ასე ყველაფერი მილიმეტრებში შეიძლება ოჯახშიც ვერ დავიცვათ. საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ ყველანაირ საფრთხეს და განსაცდელებს. გზა მიდის ქრისტე ღმერთისკენ, ზოგი რამე გვეწყინება, ზოგიც გვეტკინება“, - განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე).
ასეთივე პოზიცია აქვს მეუფე გრიგოლს. ის ფიქრობს, რომ მდგომარეობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება.
„მე მინდა თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, ადამიანები იმით კი არ დავაბრკოლოთ რომ იქ ვიღაც ორი კაცი ახლოს იდგა, გავამხნევოთ იმით, რომ უმეტესობა მართლაც დიდი შეგნებით იქცეოდა. ეს არის პირველი დღე, რამდენიმე დღეში მდგომარეობა ისე დარეგულირდება შეშურდეს ბევრ ადამიანს ჩვენი ხალხის და მორწმუნე საზოგადოების შეგნებული ქცევა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.