ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ უშიშროების სამსახურს მისი მისი სატალეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამაზე მიტროპოლიტმა TV პირველთან ისაუბრა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას უშიშროებიდან აღარავინ დაკავშირებია, თუმცა მიაჩნია, რომ პირადი საუბრების მოსმენაზე შეთანხმება მაინც ძალაშია.
"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ მე თანახმა ვარ.
ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ არ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია", - ამბობს მიტროპოლიტი.
1-ლ აგვისტოს ნიკა გვარამიამ ეთერში წაიკითხა ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.
დოკუმენტში მოთხობილია დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.
ჩანაწერების ნამდვილობა მისი ფიგურანტების ნაწილმა დაადასტურა. მათ შორის, GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.
საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ.
ასევე, ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ და ფორმულას ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა.
მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ჩანაწერები უკანონოდ არის გაკეთებული, ხოლო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებს.