logo
ENG



მეუფე პეტრე: ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი

08 მარ 202117:43
3 წუთის საკითხავი
clock 1353
2021/03/08/f271peo70czuzw3.jpg

მეუფე პეტრე (ცაავა) ფორმულასთან საუბარში ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა უსამართლობაზე პასუხისმგებელია ილია II, რომელიც წლებია ძალადობას ახალისებს. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორისაა ფორმულას ოპერატორი.

მეუფე პეტრეს თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში პატრიარქმა ცაგერიდან სადამსჯელო რაზმი მიავლინა.

"პასუხისმგებლობა ყველა უკანონობაზე, უსამართლობასა და უწმინდურობაზე, რაც საქართველოს ეკლესიაში ბოლო 44 წელია გამეფებული, ეკისრება ე.წ. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რომელმაც ეს სადამსჯელო რაზმი ცაგერიდან მიავლინა, ადამიანი, რომლის მიმართაც ეპარქიაში უამრავი კითხვის ნიშნები იყო და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეპარქიაში ოჯახური ხელყოფის გამო, იყო ფიზიკურად სვანებისგან შეურაცხყოფილი და საპატრიარქომ არ განიხილა ეს საკითხი, ისეთი ადამიანი გააგზავნა უკანონო ჭყონდიდის ეპარქიაში, რომელმაც ამ პრობლემის გაღვივება გამოიწვია და გამოიწვია დღევანდელი მძიმე შედეგი", - აღნიშნავს მეუფე პეტრე.

მეუფე პეტრეს თქმით, ილია II არის მოძალადე და ერში როგორც სიკეთე, ასევე ძალადობაც გადამდებია. 

ჭყონდიდის ეპარქიაში კი მეუფე პეტრეს ნაცვლად წალკის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი გადაიყვანეს. 12 თებერვალს, წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება. განჩინების მიხედვით, მის ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვრად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაინიშნა.

გუშინ, 7 მარტს ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ მეუფე პეტრე წილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მასთან სასულიერო პირები მიდიან, "ვიდეოებს ატრიალებენ" და პატრიარქს ბრალს უყენებენ. 

"ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და შენ ამის მერე იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს ფალსიფიკაცია შეიძლება.. ვინც შეამოწმა, რა არის და რატომ დარბის ამდენი სასულიერო პირი, ამ ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი", - ამბობს სტეფანე.

ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან, მეუფე პეტრე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და საპატრიარქოს დაკავებული დეკანოზის განთავისუფლებისთვის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა პროვოკაცია მოუწყო. საჯარო კრიტიკისა და მოწოდებების შემდეგ, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გაათავისუფლეს და მას გაფრთხილება მისცეს. მიტროპოლიტმა მაშინ განაცხადა, რომ ტელევიზიას პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ ჩამოაშორა.

2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა", სინოდის განჩინებას კი არ დაემორჩილა. მას შემდეგ, მეუფე პეტრემ არაერთხელ ისაუბრა საპატრიარქოში ერთპიროვნული მმართველობისა და "გარყვნილების" პრობლემებზე და პატრიარქი არაერთხელ დაადანაშაულა იერარქობრივად დაქვემდებარებულ მამაკაცებთან "გარყვნილ" ურთიერთობაში. მეუფე პეტრე საჯარო გამოსვლებში ყვება, რომ საპატრიარქოში რეალური ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ხელში არის კონცენტრირებული. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არაერთხელ უსაუბრია ასევე საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ.

 

 

 


close დახურვა