logo
ENG



მეუფე საბა: ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია

04 ივლ 202113:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/04/z80vf2jmi337kx8.jpg

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ქადაგებისას თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქრისტეს სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია.

"ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეუბნებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. მაგრამ არის მეორე მხარე, როდესაც ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას", - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უფლებები.

"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ხოლო ეკლესია, არ არის ამსოფლიური, არ ზრუნავს ამსოფლიური ცხოვრებისთვის, არამედ ჩვენი ზეციური ცხოვრებისთვის.

ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არა, რა არის ცოდვა და რის შემდგომ უნდა გამოვხატოთ სინანული. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები, ვერ ვაიძულებთ, მივიდნენ ქრისტესთან", - განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.

საპატრიარქომ გუშინ, 3 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლითაც ღიად დაესხა თავს დასავლელ ელჩებს და 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქცია დააანონსა.  ეკლესიის მორიგ ჰომოფობიურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ე.წ. "პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს".

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში. 

2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან. 

საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება. 

თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა. 

1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. 


close დახურვა