logo
ENG



მეუფე სპირიდონის თქმით, “არაჯანსაღ ძალებს” პანსიონის თემით ეკლესიის დისკრედიტაცია სურთ

04 ივნ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე სპირიდონის თქმით, “არაჯანსაღ ძალებს” პანსიონის თემით ეკლესიის დისკრედიტაცია სურთ

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი, ვინც რამდენიმე თვეა ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებს, აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ არ ენდობა მედიას, რადგან ისინი "მღვდელმთავრებს პროვოკაციებს" უწყობენ და საკითხებს ტენდენციურად აშუქებენ. 

„არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტიურად ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. უნდათ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ გარკვეულ არაჯანსაღ ძალებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და პირდაპირ საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა. როგორ შეიძლება მე ვენდო ისეთ ტელევიზიებს, რომლების ამხელა სიწმინდეს აუგად იხსენიებს და რომელიც მღვდელმთავრებს პროვოკაციებს უწყობს. მე პირადად ვერ ვენდობი", - ამბობს ეპისკოპოსი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ, 3 ივნისს დაიწყო. ამავდროულად, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს. 

ასევე გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც. 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის ოთხ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა