logo
ENG



მზად უნდა ვიყოთ უარესი სცენარისთვის - უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა

18 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და მასში მინისტრთა კაბინეტთან ერთად, თბილისის მერი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაზე მძიმე სცენარისთვის ემზადება, რათა კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე იყოს შემცირებული.

„შევდივართ ე.წ. ტურბოლენტურ ფაზაში, როცა შიდა გავრცელების ფაქტები იქნება მეტი, ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება. ჩვენ ყოველდღიურად ვაფასებთ ეპიდვითარებას და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანით უკეთესი შედეგი. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი რისკჯგუფში არ არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ვიზრუნებთ. კონტროლი, რეგულაციები, დაცვის მექანიზმები გავრცელდება მათზეც. საგანაგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა უკვე მოქმედებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81.


close დახურვა