logo
ENG



მთავრობა: EU-ში ინტეგრაციის სხდომაზე ე.წ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მივიღეთ

14 სექ 202314:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/plcz0rkoeqcsqh6.jpg

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს. 

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე -  მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან.

მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.

15 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ვროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს. 

ამასთან, ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.


close დახურვა