მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.
მათი ცნობით, ალიევთან საუბრისას გახარიამ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა.
რაც შეეხება ფაშინიანთან საუბარის, მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.
მათივე ცნობით, პრემიერმინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.
10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შეთანხმებას "განსაკუთრებით მტკივნეული უწოდა როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის".