საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა "იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა". მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ამას "პროვოკაციულ" ქმედებას უწოდებს.
"პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.
ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
[...] საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.
საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში რამდენიმე ათეულმა მოხალისემ უკრაინაში წასვლის და ბრძოლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, მათ გაფრენის საშუალება არ მიეცათ.
28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება". - დაწერა მან ტვიტერზე.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა.