საპარლამენტო ოპოზიციას შეზღუდვების ნაწილის მოხსნისა და ნაწილის ძალაში დატოვების თაობაზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კონკრეტული კითხვები აქვთ. მათთვის გაუგებარია დეტალები, თუ რა შეზღუდვები მოიხსნება 22 მაისიდან, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება და რა შეზღუდვები იმოქმედებს ამის შემდეგ.
ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები პროცესში პოლიტიკური ნიშნებსაც ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვის გარეშე შეეძლება, მიუღებელი და საფრთხის შემცველია.
„ძალიან ბევრი ისეთი შეზღუდვა იყო, რომელმაც ცუდად იმოქმედა ეკონომიკაზე და რომელიც არ იყო აუცილებლობით გამოწვეული. ასევე იყო აბსურდული შეზღუდვებიც. მაგალითად თუ მანქანაში ორი ადამიანი ზის უკან და ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს, მაშინ წინა სავარძელზე მყოფი ორი ადამიანი რატომ არის საფრთხე. შეზღუდვები ბუნებრივია უნდა არსებობდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს დასაბუთება. მთავრობას აქვს უფლებები რომ გამოიყენოს შეზღუდვები და სანქციები მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული უფლება, რომელიც ბოროტად იქნება გამოყენებული თუნდაც პოლიტიკური დევნისათვის. მთავრობა დღეს ითხოვს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამოყენებას კონსტიტუციური დარღვევით, პარლამენტის ნებართვის გარეშე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
კანონპროექტი ასევე უარყოფითად შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ ემსახურება და მას უფრო მეტად პოლიტიკური ელფერი აქვს.
„როგორ ახერხებენ, რომ ყველაფრის გაფუჭებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს კანონპროექტი არ ემსახურება იმ კეთილშობილურ მიზანს, რაც არის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი პოლიტიკური გადაწყვეტილების ელფერის მატარებელია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გარდა შეზღუდვებისა, ოპოზიციას კითხვები ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმასთან დაკავშირებითაც აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული იდეები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას ვერ პასუხობს.
„პრემიერ-მინისტრთან ძირითადად კითხვები გვაქვს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით. მათ მიერ ინიცირებული იდეები არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ამ მძიმე სიტუაციაში აქვს ქვეყანას. მაშინ როდესაც არ აკეთებენ საპენსიო დაგროვებითი გადასახადის და ამის მოსახლეობისთვის დაბრუნებას, არ ამცირებენ გადასახადებს, ამ კუთხით გვექნება კითხვები. როგორ აპირებს ამ არათანმიმდევრული და არარელევანტური ნაბიჯებით ქვეყანა გამოიყვანოს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.