logo
ENG



მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

03 დეკ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/w328hy892n9807p.jpg

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სარესტორნო ბიზნესისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს 6 თვით დაასუბსიდირებს. დღეს, 3 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მანვე განმარტა, რომ სუბსიდირების პროგრამას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს და ამისათვის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან. 

"რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ხვალიდან დავიწყებთ, ჩვენ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად, საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს [რესტორნები] უახლოესი 6 თვე ვერ იგრძნობენ. ამ მოთხოვნას აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დახმარებით, სულ მცირე, 1500 დაწესებულება ისარგებლებს. 

მისივე თქმით, მთავრობა დაასუბსიდირებს, ასევე ივენთ კომპანიებისა და კინოთეატრების ლიზინგის პროცენტსაც. 

გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, სარესტორნო ბიზნესის უმრავლესობა ლოკდაუნის პერიოდში გაკოტრდება.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ სფეროში მომუსავე ასი ათასობით კადრი სამსახურის გარეშე დარჩა. 

"თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. ლოკდაუნის შემდეგ რესტორანი რომ გაეხსნათ, საოპერაციო თანხები ისესხეს, მაგალითად, ხომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია, რომ როდესაც მობრძანდებით, რაღაც საჭმელი გაჭამოთ. საშუალოდ, რესტორანზე 30-35 ათასი ლარია [საოპერაციო თანხა]. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა რესტორატორმა, 30 ათასი ლარი რომ ესესხა ბანკისგან, 45 ათასი დოლარის ქონება ჩადო ამისთვის. უკვე ბანკებიც აღარ გვენდობიან", - ამბობს ლევან ქოქიაშვილი. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ. 


close დახურვა