საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი ანტიკრიზისულ გეგმაზე პირველივე დღეებიდან მუშაობდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესენია: მოქალაქეების ყოველდღიური გამოწვევების შემსუბუქება, ბიზნესის დახმარება და შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა იმისათვის, რომ ქვეყნის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა სწრაფად მოხდეს.
„იქიდან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ზოგადად ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე და ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი მუშაობდა პირველივე დღეებიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. პირველი ეს არის მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური გამოწვევები, რაც კრიზისს უკავშირდება, მეორე ეს არის მივეხმაროთ ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და მესამე შევიმუშაოთ ინსტრუმენტები იმისთვის, რომ როდესაც ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, სწრაფად მოხდეს ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა და სწრაფად დავეწიოთ იმ სასტარტო პირობებს, რითაც მიმდინარე წელი დავიწყეთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
პრემიერის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად, მთავრობამ რიგი ღონისძიებები განახორციელა.
„ამ სამი პრინციპული ამოცანის შესასრულებლად, რაც უკავშირდება ანტიკრიზისულ გეგმას, ჩვენ განვახორციელეთ რიგი ღონისძიებები. გეგმა იმ კავშირიდან გამომდინარე რაც არსებობს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ქვეყანაზე ნეგატიურ ეკონომიკურ ზემოქმედებას შორის, შესაძლოა, იცვლებოდეს როგორც მასში შემავალი ღონისძიებების, ასევე მასშტაბების თვალსაზრისით. გეგმა იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ღონისძიებები, რომელიც განხორციელდა კრიზისის დასაწყისში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობის შენელებიდან გამომდინარე დახმარების ფარგლებში და იმ ნაწილად, რომელიც ეხება საზოგადოების ნაწილს, ვგულისხმობ სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების მიმართულებას.
განხორციელებული ღონისძიებების ნაწილში ვიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და ერთობლივად წარვადგინეთ ღონისძიებების გეგმა, განვახორციელეთ და მიეხმარა როგორ საბანკო სექტორს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ასეთები იყო მთავრობის ნაწილში საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, რომლითაც დღეის მდგომარეობით დაახლოებით 4 ათასმა კომპანიამ ისარგებლა, ასეთი იყო ღონისძიებები როგორიცაა მცირე სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება, სასურსათო ფასები დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან, რომ არ მომხდარიყო პროდუქციის გაძვირება, ასევე დღგ-ს დამატებითი დაბრუნების დაანონსება რომელიც დავიწყეთ და გაგრძელდება მომდევნო წლის განმავლობაშიც. გარდა იმს ღონისძიებებისა, მთავარი რაც ბოლოს განხორციელდა, ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი ოჯახისათვის. გარდა ამისა, ანტიკრიზისული გეგმის საწყისი ეტაპი, რომელიც განხორციელდა ითვალისწინებდა საფინანსო და საბანკო სექტორის მხარდაჭერასაც. აქ რეგულატორმა ეფექტიანად იმუშავა, რომ შეექმნა შესაბამისი ინსტრუმენტები და გამოეთავისუფლებინა დაახლოებით 1,6 მილიარდის კაპიტალი საბანკო სექტორისთვის რისკებიდან გამომდინარე საფრთხეების შემცირებისათვის“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
გარდა ამისა, ლილუაშვილმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებსა და დონორი ორგანიზაციის მხრიდან გამოყოფილ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ქვეყნის ეკონომიკური გუნდი მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან, ეკონომიკურ წრეებთან, რომ სწრაფად შეეფასებინა სხვადასხვა გავლენები ეკონომიკაზე და განეხორციელებინა დეტალური ღონისძიებები ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით. დონორებთან მუშაობის შედეგად, როგორც უკვე ცნობილია, გვაქვს შეთანხმება, რომ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის რესურსის მობილიზებას შეძლებს სახელმწიფო საბიუჯეტო დახმარებების სახით. ასევე დონორთა საზოგადოება მზადაა, რომ დაახლოებით ამოდენივე რესურსი მიაწოდოს საქართველოს კერძო სექტორს მათი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ ასევე მივაღწიეთ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ფონდი გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოყოფს დამატებით დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, საიდანაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარი მიემართება პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მიმართულებით და დაახლოებით 200 მილიონი ეროვნული ბანკის მიმართულებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს ეკონომიკური ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ კერძო სექტორის დასახმარებლად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება:
„მინდა დავაზუსტო ანტიკრიზისული პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ჯერ საჯაროდ არ არის ცნობილი. დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის მონაწილეობით, სადაც ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების გეგმაზე, რომელიც უპასუხებს საზოგადოების ყოველდღიურ საჭიროებებს გარდა იმ ღონისძიებებისა, რომელიც უკვე გავაკეთეთ. სოციალური პაკეტის გარდა, გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფას კერძო სექტორისთვის და დახმარების უზრუნველყოფას, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. რაც შეეხება პოსტ კრიზისულ გეგმას, განვიხილეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც შესაძლოა გატარდეს, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.