მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე საკლუბო და ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებში ღონისძიებების გამართვა.
მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი ღონისძიებების ჩატარება, თუმცა ეს შეზღუდვა 7 და 8 იანვრის ღამეს საკლუბო ღონისძიებებზე და ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებზე არ გავრცელდება.
"აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული ღონისძიების ჩატარება.
2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე." – წერია დადგენილებაში
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
ასევე, საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, "წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".
კლუბები აცხადებენ, რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
24 დეკემბერს კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ფორმულას უთხრა, რომ კლუბმა ჯარიმის ქვითარი და კლუბის დალუქვის დოკუმენტი არ ჩაიბარა.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.