logo
ENG



მთავრობის დახმარების ახალი პაკეტი - ოპოზიცია ხელისუფლებას მოსყიდვაში ადანაშაულებს

06 აგვ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის სხდომაზე  პრემიერმა გახარიამ დახმარების პაკეტი წარადგინა. კერძოდ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს. 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასური დაუფინანსდება.

მთავრობის  ანტიკრიზისული გეგმის ახალ პუნქტებს, ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს ოპოზიცია. მათი აზრით მმართველი გუნდი კანონს არღვევს და პოლიტიკური მიზნებისთვის, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას ცდილობს. გახარია ოპოზიციას სპეკულირებაში ადანაშაულებს და ბრალდებებს უარყოფს.

ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი ეკონომიკური კრიზისის გამო პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაგროვილი რეზერვები მთავრობამ არჩევნებზე გამოსაყენებლად შეინახა. 

ოპოზიციის კრიტიკა და მთავრობის პოზიციის დაცვა ქართული ოცნების წევრებმა გააგრძელეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ დახმარებები მიზნობრივად არის შერჩეული და ოპოზიციის შეფასება, რომ ახალი პროგრამები არჩევნებს უკავშირდება, არასწორია. 

ანტიკრიზისული გეგმის ახალი პუნქტები კითხვის ნიშნებს აჩენს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. მესამე სექტორში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში რთულია მკაფიო ზღვარის გავლება მოსყიდვის მცდელობასა და მთავრობის მოვალეობის შესრულებას შორის. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ რისკი არსებობს და ხელისუფლებამ პარტიული მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამებისგან მკვეთრად უნდა გამიჯნოს. 

არის თუ არა ახალი სოციალური დახმარებები ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, ამას მესამე სექტორი კიდევ დააკვირდება. წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები არასამთავრობოების ანგარიშებში აისახება. პროცესის მკაცრ მონიტორინგს გეგმავს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიც.


close დახურვა