გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ პანკისის სათემო რადიო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, თავად კი ხეობაში ჩასვლას დროებით მოერიდება.
მიზეზი სოფელ დუისში ორჯერ გამართული საპროტესტო აქციაა - ადგილობრივების ნაწილი ითხოვს, გელა მთივლიშვილმა ხეობა დატოვოს, ვინაიდან ის მათ მიმართ არაკორექტული განცხადებებით გამოირჩევა.
"მე არ ვიქნები ხეობაში, დანარჩენი გუნდი იმუშავებს ჩვეულებრივ. სახელმწიფო ორგანოებისგან ვითხოვთ, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება". - ამბობს მთივლიშვილი.
მან ფორმულას უთხრა, რომ მუქარა, რომელსაც ის სოფელ დუისის მცხოვრებთა ნაწილისგან იღებს, რეალურია და პანკისის ხეობაში გარკვეული პერიოდით არჩასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.
მისივე განცხადებით, პროცესები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის მართული და მუქარაზე რეაგირებაც სამართალდამცავ ორგანოებს სწორედ ამიტომ არ ჰქონიათ.
"ამიტომ არ ხდება გამოძიების დროულად დაწყება, სახელმწიფო უწყებები ერთმანეთის ინტერესებს არ კვეთენ". - თქვა მან.
დუისში, პანკისის სათემო რადიოსთან 5 სექტემბერს მეორე საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მოითხოვეს, გელა მთივლიშვილმა ხეობა დატოვოს, ვინაიდან ის პანკისელების შესახებ არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს და ადგილობრივებს შეურაცხყოფს. მათივე თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მედიის და პანკისის სათემო რადიოს მუშაობას.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, აქციებს როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.
პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ.
მედია-ორგანიზაციის ცნობით, დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. პანკისის სათემო რადიოს მიხედვით, აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.
ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.
პანკისის სათემო რადიო განცხადებაში წერდა, რომ ადგილობრივების აზრით, რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.
ასევე, პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
რადიო წერს, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ სასამართლომ პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
"პანკისის სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევით დაემუქრნენ. აქცია ასევე როდი სკოტის ფონდის ორგანიზებული იყო, რომლის ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილიც, პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ქართული ოცნების აქტივისტი და საარჩევნოდ დუისის უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელია". - წერია პანკისის სათემო რადიოს განცხადებაში.
29 აგვისტოს გამართულ აქციას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სახეზეა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ნიშნები.
პანკისის სათემო რადიოს დაცვის მოწოდებით ხელისუფლებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომაც მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.