logo
ENG



მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა - შამუგია რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე

10 მარ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 
მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა - შამუგია რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით მისი განცხადების "მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა". რუსთავი 2-ის ეთერში შამუგიამ სცადა განემარტა, პროცესი, რომელიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გატანას ეხებოდა.

როგორც შამუგია ამბობს, მთავარი მიზანი ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობაა, რაც სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი გაზრდაში გამოიხატება.

"პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც, თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, 9-ჯერ გაიზარდა თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის კონკრეტულ, იგივე ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ კონკრეტული პასუხი. სულ ეს არის", - ამბობს მინისტრი.

რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ, შამუგია ამბობს, რომ საქართველოში არსებულ საწარმოებს არ აქვთ ექსპორტის რესურსი.

"რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულ წილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ მნიშვნელოვნად განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალური არ მგონია, რომ იყოს და აჟიოტაჟი ზედმეტია", - აღნიშნავს შამუგია.

7 მარტს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერი 15 ქართული კომპანიისთვის ბაზრის გახსნა მეტი წარმოების დასაგეგმად გაჩენილი შესაძლებლობაა. 

"რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოების სურსათის ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები". - თქვა ოთარ შამუგიამ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა უარი თქვა რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანაზე. 


close დახურვა