logo
ENG



მილერი: ხალხი გამოხატავს წინააღმდეგობას კრემლის მხარდაჭერილი კანონისადმი, აშშ არაფერ შუაშია

04 ივნ 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/8oxvzt1skbgm0pa.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის ბრალდებაზე ჰკითხეს, რაზეც სპიკერმა "კრემლის დეზინფორმაცია" ახსენა.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად თქვა, რომ "დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება სურს".

მეთიუ მილერის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არ არის კავშირში შეერთებულ შტატებთან და ხალხი "თავიანთ შეხედულებას გამოხატავს".

"აქაც გამოდგება პასუხი, რომელიც [რამდენიმე წუთის წინ] კრემლის დეზინფორმაციაზე გაგეცით. რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, არის ქართველი ხალხის მხრიდან საკუთარი ნების და წინააღმდეგობის გამოხატვა საქართველოს მთავრობის მიერ კრემლის მხარდაჭერილი კანონის მიღებაზე. ეს არაფერ შუაშია შეერთებულ შტატებთან. ეს არის ქართველი ხალხის მიერ თავიანი შეხედულების გამოხატვა", - თქვა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე. 

რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მაიდანის სცენარსა და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს, პრემიერმა ამერიკის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის მესამე მცდელობა უწოდა — ეს განცხადება კობახიძემ პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

ამასთან, კობახიძემ "ამერიკელების მიერ დაფინანსებულ" ენჯეობზე საუბრისას თქვა, რომ მათ საქართველოში რევოლუცია ორჯერ სცადეს, რაც ქვეყნის წინსვლას აფერხებდა.

"შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები - ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა. 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა. ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გლობალური ომის პარტია ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.


close დახურვა