logo
ENG



მილიონი ნაძვის ხისთვის, 23 ლარი სოციალურად დაუცველებისთვის - მერია ახალი წლისთვის ემზადება

04 დეკ 201919:41
3 წუთის საკითხავი
 
8ao7t7cyum4lbah.jpg

იმ ფონზე რომ მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა, დედაქალაქის მერია მილიონ ლარად ნაძვის ხეს იტალიაში ყიდულობს, იტალიაშივე ილუმინაციების სანახავად ჩადის, სოციალურად დაუცველებისთვის კი წინასაახალწლოდ ასეთი ნობათი მომზადდა - ზეთი, შაქარი, ხორცის კონსერვი, შესქელებული რძე, ტკბილეული, ფქვილი და 10 კვერცხი - კალათის ღირებულება მხოლოდ 23 ლარია. პროდუქტების დიდი ნაწილი რუსული და იაფფასიანი. მერიამ უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფებს ისეთი მენიუ შესთავაზა, რომლის ინგრედიენტებსაც ერთი კერძისთვისაც ვერ გამოიყენებ. ის, რომ  მერია მილიონს ნაძვის ხეზე ხარჯავს, ამისათვის იტალიას სამუშაო ვიზიტებითაც სტუმრობს და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მხოლოდ 23 ლარს იმეტებს, შეურაცხმყოფელია მოსახლეობისთვის.  ხალხი უკიდურეს სიღატაკეზე საუბრობს.

შპს „ტენდერი 123“, რომელიც თბილისის გამგეობებს 23-ლარიანი სასაჩუქრე კალათით მოამარაგებს, საახალწლო ტენდერებს წლებია იგებს. კომპანიის მფლობელი ამირან ჩიტაშვილი 2013 წელს შავ სიაშიც შეიყვანეს. სიიდან ამოშლის შემდეგ კი მან კომპანია შექმნა და არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების ტენდერების ხშირი გამარჯვებულია. ჩიტაშვილი პირად საუბარში  ამბობს, რომ დაკავებულია და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

მილანურ ნაძვის ხეში მილიონის გადახდის პარალელურად, სოციალურად დაუცველების საჩუქრებზე დიდი თანხა თბილისის მერიაში ვიდეო კლიპისთვისაა განსაზღვრული. მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნა მერიას 125 000 ლარი უჯდება. ამ განწყობისთვის მერიამ  სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით მოითხოვა  და პრემიერისგან დასტურიც მიიღო. „ფორმულა“ უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ელოდება. თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ოპოზიციაში საუბრობენ.

თბილისის მერია სასაჩუქრე კალათების დარიგებას საახალწლოდ გეგმავს, განწყობის შესაქმნელ კლიპს კი ეკრანებზე 20 დეკემბრის შემდეგ გაუშვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა