logo
ENG



მინისტრი რესპუბლიკურზე: თუ რომელიმეს ვერ დავასაქმებთ, გავაგრძელებთ ანაზღაურების გადახდას

02 აპრ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/y5tztd7w7nuimy8.png
პირველი არხი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ თუ შენობის რეაბილიტაციის პერიოდში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის რომელიმე თანამშრომელს ვერ დაასაქმებენ, მათთვის იმავე ანაზღაურების გადახდას გააგრძელებენ. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

"პრემიერის მხრიდანაც გაჟღერდა და დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ იქ დასაქმებულ მედპერსონალს - ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამ პერიოდის განმავლობაში მათ დასაქმებაზე და იმ ღირსეული და მინიმუმ დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე მათთვის და იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიმე ამ თანამშრომლის დასაქმება ვერ მოხერხდება, გავაგრძელებთ ამ ანაზღაურების მათთვის გადახდას", - განაცხადა მინისტრმა.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".


close დახურვა