მინსკში ანტისამთავრობო აქციაზე სულ მცირე 10 ადამიანი დააკავეს, - ამის Meduza.io იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. გარდა ამისა, კვირას დილიდან რამდენიმე სავაჭრო კომპლექსი და დაწესებულება დაიკეტა.
ასევე, დაკეტილია მესტროპოლიტენის რამდენიმე სადგური.
უკვე 53 დღეზე მეტია, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.
ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%-ის მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.
მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.