ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ განიხილება, ვინაიდან მას რაიმე ახალი არ დაუშავებია. სინოდის სხდომაზე შესვლამდე მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რომ, საეკლესიო წესებით, ადამიანი ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება.
"არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ დაუშავებია რაიმე ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა.
ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა შეუჩერა დროებით მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, საეკლესიო წესებით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება.
რაც შეეხება მის უკან, სინოდში მიღებას, მან რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც, ასევე არ გამოუხატავს, ამიტომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ფორმულასთან საუბარში აცხადებდა, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი მისი ეკლესიიდან განკვეთა იქნება. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე მის მიერ პატრიარქის მიმართ ბრალდება საეკლესიო სასამართლოს ფორმატში უნდა გაგრძელდეს.
2019 წლის 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ მაშინ ჯერ კიდევ ჭყინდიდელმა მიტროპოლიტმა პატრიარქზე თქვა: "ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".