logo
ENG



მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა

19 სექ 202114:00
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. 

შესაბამისი ბრძანება მან ამბიონზე, ქადაგების დროს წაიკითხა. განკვეთის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და არა - სინოდმა. 

საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. 

ეპისკოპოსი მათ ბრალს ამბოხებაში სდებს. 

დღევანდელი ბრძანებით განკვეთილ სასულიერო პირებს საეკლესიო სამოსელის ტარებაც ეკრძალებათ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ თქვა, რომ ისინი უკვე საერო პირები არიან და არა სასულიერო. 

კანონიკური საკითხების მოგვარებაში მან დახმარების მიზნით მთავრობასაც მიმართა, კერძოდ, მოითხოვა, მის მიერ განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ. 

***

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს. 

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.  

პეტრე ცაავა საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ. 


close დახურვა