logo
ENG



მიქანაძე შეწყალებაზე: პრეზიდენტმა თავმოყვარეობას გადააბიჯა, ფეხქვეშ გათელა ინსტიტუტი

23 ივნ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა და ფეხქვეშ გათელა პრეზიდენტის ინსტიტუტი".

მიქანაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ "მისთვის მთავარია, რა დავალებას მიიღებს და გააკეთებს ადა არა იმაზეა ორიენტირებული, რას ფიქრობს საზოგადოება". 

მიქანაძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება "პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია".

"რაც მთავარია, ეს არის ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე, საზოგადოება რას ფიქრობს, არამედ ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარია, თუ რა დავალებას მიიღებს და რას გააკეთებს. საზოგადოების რაღაც პატარა ჯგუფი ითხოვდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას არ ითხოვდა... ეს ადამიანი [ნიკა გვარამია] მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ გამოირჩევა რადიკალიზმით და ამ ადამიანის შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გადაწყვეტილებით და რაც მთავარია, მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მოქმედებს არა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებით, არამედ მოქმედებს დავალებების შესრულებით", - განაცხადა მიქანაძემ.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა

 


close დახურვა