logo
ENG



მიშელი: ევროკავშირი მოლდოვას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

04 მაი 202213:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს, რათა აირიდოს უკრაინის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ომის გავრცელება.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიშინიოვში ვიზიტისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირი განიხილავს გზებს, როგორ გააძლიეროს მოლდოვის შეიარაღებული ძალები.

მიშელის თქმით, გასულ წელს ევროკავშირმა მოლდოვის ჯარის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის 7 მილიონი ევრო გამოყო, წელს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, დახმარება გაიზრდება.

"ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას სიმტკიცის გაძლიერებასა და იმ შედეგებთან გამკლავებაში, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის გავრცელებამ მოიტანა.

წელს ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოლდოვისადმი მხარდაჭერა მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით", - განაცხადა შარლ მიშელმა. 

მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვას დეზინფორმაციასთან და კიბერშეტევებთან ბრძოლაშიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მოლდოვის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთში - რუსეთის მიერ კონტროლირებულ სეპარატისტულ რეგიონში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც გაზარდა კონფლიქტის უკრაინის მიღმა გავრცელების საფრთხეები.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე შეტევები გააძლიეროს და მოლდოვას თავს დაესხას.

 

close დახურვა