logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

01 ნოე 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 1954

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მის წერილშია ნათქვამი, რომელიც ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო. 

"ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. 

ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში ასევე ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია ხელისუფლების მიერ არჩევნების "ცხვირწინ აწაპვნის" გამო. 

მისი თქმით, ახლა ხელისუფლებას უნდა "ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ - წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე! ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და მასაც გაუყალბეს არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა. ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.

ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსეთს მიემხრო, არადა, იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც.

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო!

უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა". - წერს ის. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც. 31 ოქტომბრის შეკრებაზე, სადაც ოპოზიციამ მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ტოვებს პარლამენტის დეპუტატის მანდატს და ბრძოლას ქუჩიდან გააგრძელებს. მისივე თქმით, პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს ლელოს ფრაქცია. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ შევიდა. მათმა უმეტესობამ 2021 წლის 19 აპრილს, მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას. 

პარლამენტში შესვლის მიუხედავად, დოკუმენტს ხელს არ აწერდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ შეცვალა, რაც ქართულმა ოცნებამ შეთანხმება, ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელმოუწერლობის საბაბით, ანულირებულად გამოაცხადა და ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზეც უარი თქვა. 


close დახურვა