logo
ENG



მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელები თანამდებობებს არ დატოვებენ

26 ოქტ 201919:24
3 წუთის საკითხავი
 
r5buk37hew594bt.png

ბოლო დროის ყველაზე სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელები თანამდებობებს არ დატოვებენ. ვახტანგ გომელაური იმ პირების თანამდებობრივ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, ვის დაქვემდებარებაში მყოფმა პოლიციელებმაც, გამოძიების ინფორმაციით, 35 წლის დავით მუმლაძე გაიტაცეს და ლიკვიდაციის მიზნით, კრიმინალურ დაჯგუფებას გადასცეს. ერთ-ერთი ვერსიით, მოქმედმა პოლიციელებმა სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს დანაშაული, საქმიდან გამქრალია მტკიცებულებები და არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა.  

ვახტანგ გომელაურს მუმლაძის საქმის დეტალებზე დღეს აღარ უსაუბრია. უცნობია, დაკითხა თუ არა გამოძიებამ ამ საქმეზე დაკავებული რუსთავის განყოფილების პოლიციელების სხვა თანამშრომლები. 35 წლის დავით მუმლაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან 2 მოქმედი პოლიციელი იყო. 

პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ მკაცრი რეაგირების ნაცვლად, მინისტრმა დღეს სამართალდამცველების ე.წ. კრიმინალურ  სამყაროსთან თანამშრომლობა წაახალისა.  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ძალოვანი უწყების მინისტრს ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ იმ პირობებში, როდესაც პოლიციელების სკანდალურ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და გამორიცხული არ არის სხვა სამართალდამცველების პასუხისმგებლობაც  გამოიკვეთოს, გომელაურის საჯარო განცხადებები შესაძლოა გამოძიებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად ჩაითვალოს. 

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა რამდენიმე კვირის წინ გამორიყა. მას 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ის პოლიციელებმა გაიტაცეს და ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს გადასცეს. საქმეზე 6 პირია ბრალდებული, მათ შორის 2 მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი. 


close დახურვა