მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციაზე მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განიხილეს შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხებიც. როგორც მსოფლიო ლიდერებმა განაცხადეს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილება მხოლოდ ნატო-სა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის კონტექსტში.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა - მოხარული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით შავ ზღვაში. ეს თანამშრომლობა უნდა იყოს საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რუსეთი, ამ ეტაპზე გამორიცხულია", - აცხადებს ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ დიდ ფორუმებზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრობლემატიკაზე საუბარი. ზალკალიანის განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს მოდალობებს.
„მე არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა დავაკაკუნოთ, როცა ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა - მოდალობები, რომლებიც გაწერილია, სრულდება წარმატებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივანი ახსენებს საქართველოს და უკრაინას - ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს პრობლემატიკა არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ დიდ ფორუმებზე მუდმივად ჟღერდეს", - აცხადებს დავით ზალკალიანი.