მოლდოვას პრემიერმინისტრი, ნატალია გავრილიცა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის წელიწად-ნახევარი იყო.
გავრილიცა ამბობს, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს. პრემიერმინისტრის გადადგომით მთავრობის კაბინეტიც გადადგება.
პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გაივლის, რის შემდეგაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. გავრილიცა იმავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო, რომლისაც სანდუ და რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს.
თავის გამოსვლაში უკვე ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობებს მუდმივი კრიზისის პირობებში, მაგრამ ამავე დროს, მან შეძლო, კერძოდ, მიეღწია ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას.
მოლდოვაში ბოლო თვეებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა სანდუმ და მისმა მხარდამჭერებმა პრორუსული ძალები პროვოკაციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.