logo
ENG



მომიტინგეების თქმით, თუ კომპანია ნამახვანს არ დატოვებს, 2 კვირაში ქალაქის პიკეტს დაიწყებენ

28 თებ 202117:17
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თურქულ კომპანია ენკას 2-კვირიან ვადას აძლევენ რიონის ხეობის დატოვებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციას და ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ. 

მომიტინგეების თქმით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. 

"14 მარტს თვითოეული ჩვენთაგანი გავხდებით ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც დადგება და დაიცავს საკუთარ მიწას, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ და თურქული კომპანია არ დატოვებს რიონის ხეობას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები არ შეჩერდება, დემონსტრანტები კომპანიის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ.

 ქუთაისის აქციას წინ უძღოდა ადგილობრივების 126-დღიანი პროტესტი ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.


close დახურვა