logo
ENG



მოსკოვი გეგმავს, დაფინანსება შეუმციროს ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს

10 მარ 202223:12
3 წუთის საკითხავი
 
მოსკოვი გეგმავს, დაფინანსება შეუმციროს ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს
Пресс-служба Минэкономразвития РФ

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი აცხადებს, რომ მათი მიზანია, შემცირდეს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება რუსულ დახმარებაზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ვოლვაჩმა რუსულ სახელისუფლებო მედია გამოცემა TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა. ის 9 მარტს აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადავლენ უფრო "დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას რუსულ სუბსიდიებზე".

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო წლებში შემცირდება რუსეთის თანადაფინანსების წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე.

"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება - 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის კი 15%-მდე", - ამბობს ვოლვაჩი.

ინტერვიუში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "დახმარების პირველი ეტაპი დასრულებულია".

"დახმარების პირველი ეტაპი, როცა შეგვიძლია უბრალოდ ფულის მიცემა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უკვე დასრულებულია. ყველაფერი, რისი მიღებაც შეგვეძლო ამ ეტაპიდან ეკონომიკური ზრდის კუთხით, მივიღეთ", - ამბობს ის.

მისივე აზრით, ოკუპირებულმა რეგიონებმა უნდა მოიზიდონ ინვესტიციები, გაამარტივონ რეგულაციები და გააუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი, რათა გაზარდონ თავიანთი ბიუჯეტის შემოსავლები.

"ყველა საუკეთესო [წესი] რაც რუსეთშია, იქ უნდა იყოს შეტანილი, რათა გარანტირებული იყოს ინვესტორის უფლებები" - ამბობს ვოლვაჩი.


close დახურვა