მოსკოვის აეროპორტში ვნუკოვო, სადაც დაახლოებით ერთ საათში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჩამოსვლას ელოდებიან, პოლიციამ დაკავებები დაიწყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია დოჟდი იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ვნუკოვოში პოლიტიკოსის მხარდამჭერები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაც არის მობილიზებული. ცოტა ხნის წინ კი, სამართალდამცველებმა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი ლუბოვ სობოლი, ამავე ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი, აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი და პოლიტიკოსის ძმა, ოლეგ ნავალნი დააკავეს.
დოჟდი იტყობინება, რომ პოლიციამ აღნიშნული პირები ერთერთ ტერმინალთან მდებარე კაფეში დააკავა. ისინი ნავალნის ელოდებოდნენ.
კიდევ ერთი მედია საშუალება ნოვაია გაზეტა («Новая газета») წერს, რომ პოლიციამ დააკავა მისი კორესპოდენტი და მას ყველა საბუთი ჩამოართვეს.
აგრეთვე, ნავალნის მოსკოვში მდებარე შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, იმის შესახებ რომ დაკავებულია ადვოკატი ალექსეი მოლოკოედოვი. ყველა ხსენებული პირების დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.