logo
ENG



მოსკოვის მეტროპოლიტენმა ნავალნის მხარდაჭერის გამო 40-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა

14 მაი 202117:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/14/454zjipi9cq03lh.jpg

მოსკოვის მეტროპოლიტენის 40-მდე თანამშრომელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს.

მეტროპოლიტენის თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა მას ამ ეტაპზე მხოლოდ 40-მა ადამიანმა მიმართა. პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა ისეთ თანამშრომლებსაც კი მიუვიდათ, ვინც ბიულეტენზე იყო გასული. 

თანამშრომლების სახელები მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, საიტ "სვობოდა ნავალნის" მონაცემთა ბაზის საშუალებით დაადგინა. ოფიციალურად თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ მათ სამსახური ორმხრივი თანხმობის საფუძველზე უნდა დატოვონ ან მათ საბუთებში გაცდენის მიზეზი ჩაეწერებათ.

არაფორმალურ საუბრებში კი ეუბნებიან, რომ სამსახურიდან გაშვება 21 აპრილს, ნავალნის მხარდამჭერ მიტინგზე დასწრებას უკავშირდება. 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ, თუმცა უშედეგოდ. მარტში, აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს


close დახურვა