"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია ამომრჩევლის მოსყიდვის 8 შემთხვევა. მათ შორისაა ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად ხსენებულ ოლქში.
ანგარიშის მიხედვით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების ლელო და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაშიც, რომელთაც სოციალური დახმარების აქციები ჰქონდათ. კერძოდ: ლელო სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო - ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა.
მეორე შუალედურ ანგარიშში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლებაზე, პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო მცდელობაზე, ასევე სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე და პოლიტიკური ნიშნით ერთ-ერთი ოჯახისთვის დახმარების არ გაცემაზე არის საუბარი.
"ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.
მარნეულში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია ლელო საქართველოსთვის წარმომადგენლები, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, "ჰაიდერბეგცემენტის" წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა.
სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება ქართული ოცნების ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართული ოცნების სასარგებლოდ.
ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკურ ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება.
საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, 'მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს' “, - წერია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, რომ არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად, ასევე ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.
ასევე, სამართლიანი არჩევნები რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.