logo
ENG



მოშიმშილე პატიმრები N6 ციხიდან წერილს აქვეყნებენ და მძიმე პირობებზე საუბრობენ

25 აგვ 202214:16
3 წუთის საკითხავი
 

N6 პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე პატიმრები ციხიდან წერილს ავრცელებენ და იქ არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ.

ერთობლივ წერილში მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება, საპირფარეშოებსა და დეესკალაციის ოთახებში არ არის დაცული სანიტარია, არ აძლევენ ჰიგიენურ საშუალებებს, ციხის თანამშრომლები აყენებენ შეურაცხყოფას და დასჯის მიზნით დეესკალაციის ოთახში 72 საათზე მეტხანს ამყოფებენ. 

პატიმრების თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

წერილით, რომელსაც ხელს 33 მსჯავრდებული აწერს, პატიმრები  საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველს, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ცალკეულ დეპუტატებს მიმართავენ.

"მოგახსენებთ, N6 დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით. ვშიმშილობთ, არ გვეძლევა სათანადო სამედიცინო მკურნალობა. დაწესებულებაში ჰყავთ საოპერაციო პატიმრები, რომლებიც არ გადაჰყავთ შესაბამის კლინიკებში. ასევე, ფსიქიკურად შერყეული პატიმრები ჰყავთ, რომლებსაც არც აქ მკურნალობენ და არც ფსიქიატრიულში მიჰყავთ. თანამშრომლები გამომწვევად გველაპარაკებიან და გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დასჯის მიზნით, გვათავსებენ დეესკალაციაში და ხშირ შემთხვევაში, 72 საათის გასვლის შემდეგაც არ გვაბრუნებენ საკნებში. (ყოფილა შემთხვევები, საჭმელს და წყალსაც არ გვაწვდიდნენ).

დეესკალაციაში არის ანტისანიტარია, არ გვაწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, არ მოჰყავთ სოციალური მუშაკი, არ გვარეკინებენ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე. საკნებში არ აყენია გამწოვები, არც საპირფარეშოში, ხოლო სადაც აყენია გაფუჭებულია. საპირფარეშოს კარები არის ნახევრამდე გადაჭრილი და კარებს წინ დაყენებული ვიდეოთვალის არეში ხდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საშხაპეში გამწოვები გაფუჭებულია, ზოგან არც აყენია და შხაპის მიღებისას ისეთი ორთქლი დგება, სუნთქვაც ჭირს. გასეირნების ოთახებში აყენია სავარჯიშო მოწყობილობები, რომლებიც გაფუჭებულია და არ აკეთებენ, არც ახლები მოაქვთ. დაწესებულებისთვის არასასურველი განცხადებები არ იგზავნება და სისტემატურად გვიკეტავენ 3-3 თვით დარეკვებს, პაემანს, რომ ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად მოგვაშორონ. მანამდე არ შევწყვეტთ შიმშილს, სანამ არ შეიცვლება მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელობა"- წერენ პატიმრები.


close დახურვა