logo
ENG



მოძრაობა სირცხვილია რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს

31 აგვ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/31/nf0jg0c8v2qm1de.jpeg

მოძრაობა სირცხვილია აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მჟავანაძე დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

სირცხვილიამ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრირდებოდა და მიზეზებს განმარტავდა. თუმცა ამას მხარდამჭერებისა და მოქალაქეების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის პარალელურად კი ქართული ოცნების წევრები მოძრაობის გადაწყვეტილებას იწონებდნენ. 

"გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციის ერთთვიანი ვადა 2 სექტემბერს იწურება. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებენ. 

ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები იხილება. 

განხილვის ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის დასაშვებობა და შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება.

29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.

გარდა ამისა, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკუთარი შეხედულება სახალხო დამცველმა წარუდგინა.

აღნიშნული სარჩელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად უნდა განიხილოს სარჩელი კონსტიტცუიის 78-ე მუხლთან მიმართები. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".


close დახურვა