პანდემიის გამოცხადების შემდეგ მსოფლიო კორონავირუსს გაორმაგებული ძალებით ებრძვის. ევროპის ქვეყნებმა დაავადების გავრცელების შესაჩერებლად დამატებით მკაცრ ზომებს მიმართეს. ამის მიუხედავად, დღეს ვირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა აზერბაიჯანში, ავსტრიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში.
ექიმები აკვირდებიან ბრაზილიის პრეზიდენტსაც, რადგან მის პრეს-მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორივე მათგანი გასულ კვირას შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ისადილეს. თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებთან ფრენებს 30 დღით აჩერებს. გადაწყვეტილება ტრამპმა საგანგებო მიმართვისას გაახმაურა.